იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 608 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მლნ აშშ დოლარს (14 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2071 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, 2016 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (475 მლნ აშშ დოლარი), კანადა (450 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (256 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 113 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19 პროცენტი იყო. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეადგინა 48 მლნ აშშ დოლარი და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 45 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აპრილში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 723 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 27 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 136 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 135 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე