აქციის მონაწილეები პარლამენტს მოუწოდებენ, უსახლკაროთა შესახებ კანონი მიიღოს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი უსახლკაროთა შესახებ.

როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, დავით ხვადაგიანმა განაცხადა, საქართველოში ასეთი დეფინიცია-ცნება უსახლკაროს შესახებ კანონში არ არსებობს. მისივე თქმით, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ევროპული ორგანიზაციების მიერ მოწონებულია და ითვალისწინებს იმას, რომ კანონში განისაზღვროს ცნება „უსახლკარო“. დავით ხვადაგიანის თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მოახდენს უსახლკაროთა აღრიცხვას, ხოლო მესამე ნაბიჯი იქნება ის, რომ სახელმწიფო არსებული რესურსების ფარგლებში გაუწევს მათ დახმარებას, იქნება ეს სოციალური სახლების აშენება, თუ სხვა ტიპის დახმარება.

როგორც დავით ხვადაგიანმა განმარტა, აქციაზე წარმოდგენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს. მათ შორის არიან იპოთეკით დაზარალებულები, ასევე ადამიანები, რომლებმაც სახლები სტიქიის, ხანძრის გამო დაკარგეს და მათ სახელმწიფო არ ეხმარება.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ კანონი უსახლკაროთა შესახებ სწრაფად მიიღოს. აქციაზე ასევე იმყოფება „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რომელიც იპოთეკური სესხის გადავადებას და უსახლკაროთა დაბინავებას ეხება, პერმანენტული აქციები გაიმართება.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.