თბილისში თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო „თბილისი ქორთიარდ მარიოტში“ თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფორუმის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისთვის. ასევე წარმოების ზრდისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელშეწყობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფისთვის.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და ლევან დავითაშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ასევე მოწვეული სტუმრები და ყველა ის პირი, ვისაც შეხება აქვს აღნიშნულ დარგთან.

როგორც „ოქსფამის“ ეკონომიკური პროგრამების მენეჯერმა ლევან დადიანმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება ემსახურება თხილის ხარისხისა და პროდუქტიულობის საკითხს. მისი თქმით, თხილის ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს ორი ფაქტორი, ხარისხი და მოსავლიანობის მაქსიმალური ზრდა.

„ეს ორი ფაქტორი განაპირობებს ჩვენი თხილის სათანადო წვდომას მაღალი ღირებულების ბაზრებზე, იგულისხმება ევროკავშირის ბაზარი. ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე იმყოფება ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში ევროკავშირთან, შესაბამისად, მთელმა ქვეყანამ უნდა უპასუხოს იმ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის ბაზარს გააჩნია. ამისთვის საჭიროა დიდი კომპლექსური ღონისძიებების გატარება ყველა მხრიდან, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებულია, იქნება ეს მთავრობა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დონორი ორგანიზაციები“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

მისივე თქმით, ეს უკავშირდება შესაბამის ტექნოლოგიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლიანობის გაზრდას, ჯიშობრივ გაუმჯობესებას, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას, წარმოების პროცესს და ა.შ.

„ფორუმის მიზანია, რომ გამოიკვეთოს ძირითადი ასპექტები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს კომპლექსური ღონისძიებები იქნეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება თხილის რეგლამენტის შესახებ. გალეგაშვილის თქმით, დღეს ექსპორტიორ ორგანიზაციებს სწორედ ამ თხილის რეგლამენტს გააცნობენ.

„ისინი დაინტერესებულები არიან ამ დოკუმენტით, რადგან ეს ხელს შეუწყობს თხილის ბიზნესის განვითარებას და საქართველოსთვის საექსპორტო შემოსავლების გაზრდას. თხილი არის წამყვანი საექსპორტო დარგი სოფლის მეურნეობაში. ჩვენ მას ყველა მიმართულებით ვეხმარებით. ეს შეეხება ფერმერებს, შემგროვებლებს, ექსპორტიორებს, მწარმოებლებს და გვინდა, რომ სახელმწიფო პროგრამა წარგიდგინოთ, თუ რომელ სეგმენტს როგორ ვეხმარებით“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ წელს თხილზე დაბალი ფასი დაფიქსირდა, გალეგაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განაპირობა მსოფლიოს საბაზრო ფასებმა.

„მცირეოდენად მას დაემატა ჩვენი თხილის ხარისხის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ამ რეგლამენტით ვაწესებთ ზღვრებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს თხილის ექსპორტის შემთხვევაშიც“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.