ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა „ქARTული ფული“ გაიხსნება

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულს უერთდება.

დღეს ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო ტური და გამოფენა გაიხსნება. ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ინიციატივით და მათი უშუალო მონაწილეობით გამოფენა, „ქARTული ფული“ მომზადდა, რომელიც განადგურებული ფულის ხელოვნებაში „გაცოცხლებას“ ითვალისწინებს.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის ნიშნების მიმოქცევაში გაშვებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ძველ, ხმარებისთვის გამოუსადეგარ ფულის ნიშნებს მიმოქცევიდან იღებს და მათ შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით ანაცვლებს. ნამუშევრებში მასალის სახით სწორედ ასეთი ფულია გამოყენებული.

„გამოფენის კონცეფციის თანახმად, ხმარებისთვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნის თითოეული პიქსელი მასზე აღბეჭდილი მოგონებების ფრაგმენტებთან ერთად ირაციონალურ ერთობას ქმნის. განადგურებული ფული, როგორც ყველაზე ნეიტრალური, მატერიალური ღირებულებისგან სრულიად დაცლილი და იმავდროულად ძლიერი ენერგეტიკის მქონე მატერია, ხელოვნების ნიმუშად იქცევა. ფულის ნიშანი ხელოვნების სფეროში ინაცვლებს. ძველი ფული ახალ სიცოცხლეს იძენს. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ახალი იდეების და ხელოვნების ახალი სახეობების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“, - აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.