ნოდარ ხადური - სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა

დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა,

- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი.

”ჩვენ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, შემოდინებების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ლარი ახალი წონასწორობის წერტილისკენ მიისწრაფვის და ეროვნული ბანკი შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაცვლითი კურსი ზოგადად არის საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ და ამ შემთხვევაში საგარეო ფაქტორები დადებითადაა მიმართული.

ამასთან, ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პროცესები უნდა იყოს თანდათანობითი.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ავსებს სავალუტო რეზერვებს.

”თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს სავალუტო აუქციონებში, ერევა სავალუტო ბაზრის ფორმირებაში, მაგრამ ხედავთ, რომ ლარი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სტაბილურად მყარდება", - განაცხადა ხადურმა.