ნოდარ ხადური - მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს მცირედით გადააჭარბებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს მცირედით გადააჭარბებს.

როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული ტიპის ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიუჯეტში თავიდან გათვალისწინებული არ იყო.

,,თქვენ იცით, რომ თბილისში მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად, ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მაკროეკონომიკური პროგნოზების დაზუსტებაზე. იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაზარდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიც გააკეთებენ. ამავე დროს, ჩვენ დავიწყეთ გარკვეული ტიპის პროექტები, რომლებიც თავიდან არ გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელი მოვაწერეთ თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენაზე ხელშეკრულებას. უნდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დიდად არ იქნება გადახრილი 3%-სგან", - განაცხადა ხადურმა.