„თბილსერვის ჯგუფის“, „უძრავი ქონება-თბილისის“, „თბილისის პარკების“ და „სინათლის ქალაქის“ გაერთიანება დასრულდა

თბილისის მთავრობის განკარგულებით, მერიის მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა/გაერთიანება დასრულდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

”აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება”, - აცხადებენ მერიაში.