სემეკმა მოქალაქეებს 160 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 160 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა. სემეკის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ ორ საჯარო სხდომაზე იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე კომუნალური მომსახურების კომპანიების მიმართ, რომლებიც შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებებით, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 163 500 ლარი შეადგინა.

”კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, - აცხადებენ სემეკში.