კომუნიკაციების კომისიამ და შპს „კონსტრუქციამ“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „კონსტრუქციას“ შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შავნაბადას სტაციონარული სადგურის კოშკურა ანძის მშენებლობის თაობაზე ხელი მოეწერა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კომისიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და მისი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური გადანაწილება.

”რადიოსიხშირული სპექტრის ინტენსივობის მაღალი დონისა და სიხშირული სპექტრის რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილებების (ციფრული მაუწყებლობა, მობილური კავშირგაბმულობის მე-4 თაობის სისტემები და სხვა), ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას დედაქალაქის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სპეციალური სტაციონარული სადგურების მეშვეობით, სადაც ინსტალირებული იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური სისტემები”, - აცხადებენ კომუნიკაციებში.

2015 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასა და საერთაშორისო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ამერიკულ კომპანია TCI International,Inc.-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შედგება 4 დამოუკიდებელი ეტაპისაგან, ამერიკულმა მხარე უზრუნველეყოფს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის (GSMS) მოწოდების, აღნიშნული სისტემის ინსტალაციის პროცესისა და ექსპლუატაციაში გაშვების ტექნიკურ ზედამხედველობას, აგრეთვე ადგილობრივი პერსონალისათვის „ტრენინგების“ ჩატარების ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე უკვე შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პირველი ფაზა, დაინსტალირდა და ექსპლუატაციაში გაეშვა სტაციონარული მონიტორინგისა და საპელენგაციო სისტემა (RFMS) ქ. თბილისში, ძეგვის მთაზე მდებარე კომისიის კუთვნილ სტაციონარულ სადგურზე.

ხელშეკრულების მეორე ეტაპი (მობილური მონიტორინგის სადგურის MMS დაგეგმარება, მოწოდება და ინსტალაცია) გულისხმობს მონიტორინგის სისტემის სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებას, რომლის მეშვეობითაც მობილური ჯგუფები პერიოდულად განახორციელებენ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგს სხვადასხვა გეორგაფიულ წერტილში. აღნიშნული მობილური მონიტორინგის სადგურების (MMS) სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება, ტექნიკური მომსახურება და ქარხნული შემოწმება განხორციელდება ლიტვის რესპუბლიკაში, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.

მესამე ფაზით გათვალისწინებულია იმ სტაციონარული საპელენგაციო პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება, რათა მონიტორინგის მართვის ცენტრის (MCC) მეშვეობით განხორციელდეს არსებული ფიქსირებული და დისტანციური სადგურების მართვა. აღნიშნული სისტემის ინსტალირება უნდა განხორციელდეს შავნაბადას რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარულ სადგურზე, სადაც ამჟამად შესრულებულია სადგურის ინფრასტრუქტურის გეგმით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი და იწყება დამამთავრებელი ეტაპი, რომელიც დასრულდება მონიტორინგის სისტემის 60 მ. სიმაღლის კოშკურა ანძის მშენებლობით.

პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ზემოხსენებულ კომპონენტს გავლილი აქვს სათანადო შემოწმება აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე მომწოდებლის ქარხანაში და სრულად შეესაბამება საერთაშორისო პარამეტრებით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებსა და მახასიათებლებს, რაც დადასტურებულია (FAC) სპეციალური ქარხნული მოწმობით. აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდების თითოეულ ეტაპზე ამერიკული მხარე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კომისიის 5-მდე სპეციალისტის „ტრენინგის“ ჩატარების ორგანიზება ქ. თბილისში, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (აპარატურის) სათანადო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებზე.

მეოთხე, დამამთავრებელი ეტაპზე ასევე განხორციელდება სტაციონარული საპელენგაციო პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება, რათა მონიტორინგის მართვის ცენტრის (MCC) მეშვეობით განხორციელდეს არსებული ფიქსირებული და დისტანციური სადგურების მართვა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება სამომავლოდ განხორციელდება სავარაუდოდ, ლისის ტბის აღმოსავლეთით მდებარე ქედზე, სადაც კომისიას გადაწყვეტილი აქვს რიგით მესამე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის მშენებლობა, რის თაობაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან.