ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.

”პროგრამის ‘“გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგი უკვე სახეზეა - ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები საქართველოში ჩამოვიდნენ და დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში განახორციელებენ რომანტიკული ტრილერის “Machine” გადაღებებს და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების, არამედ ფილმის სრული მოცულობით გადაღება მოხდება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად მოექცევა ქალაქები ბათუმი და მესტია”, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ანი კვარაცხელიას ინფორმაციით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი.

„ჩვენ გვქონდა გასვლითი საპრომოციო აქტივობები, როგორც ამერიკის, ასევე ინდოეთის ბაზარზე. ამის შედეგია, რომ უკვე სამი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა კინომწარმოებლებთან საქართველოში ფილმის გადაღებებზე, მათ შორის არიან ცნობილი ინდოელი პროდიუსერებიც, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს მინისტრთან. ისინი საკმაოდ დიდბიუჯეტიან ფილმს იღებენ საქართველოში. გადაღებები იქნება ძირითადად რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იხარჯება საქართველოში“, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლის დასაწყისში დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

”მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.