ოთარ დანელიამ ბაქოში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 ქართული კომპანიის - „კულა“, „ლივო“, „თელავის ღვინის მარანი“, „LILI Wine”, „ზედაზენი“, „კახური ღვინის მარანი“ „ჰერეთის ღვინის მარანი“ და „შალოშვილის ღვინის მარანი“ - პროდუქცია, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა დააგემოვნა.

ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობა ამ პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 კომპანიის პროდუქცია და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართულ აგროწარმოებაზე. ვფიქრობთ, სამომავლოდ გამოფენის მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. გამოითქვა ინტერესი და, შესაბამისად, მომავალ წელს გამოფენაზე რძისა და რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ურთიერთოების და ერთობლივი წარმოების მიმართულებებით. ვფიქრობთ, ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საერთაშორისო გამოფენაში „კასპიან აგრო 2016“ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის, ნიდერლანდების და სხვა, 400-მდე კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანელ კოლეგას, ჰეიდარ ასადოვსა და ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსს უმასპინძლა.

გამოფენა „კასპიან აგრო 2016“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, ისე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელები. ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება.

საქართველო წელს მეორედ იღებს მონაწილეობას გამოფენაში და წელსაც ქართულ სტენდს ,,ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენისთვის“ ჯილდო გადაეცა.