უკრაინაში ჩამოვარდნილი MH17-ის დაღუპული მგზავრების ოჯახის წევრები პუტინისგან 330 მილიონ დოლარს სთხოვენ

2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისის მგზავრთა ოჯახებმა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

„ბიბისის“ ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში ავსტრალიის, ახალი ზელნადიისა და მალაიზიის დაღუპული მოქალაქების ოჯახის წევრებმა, ჯამში 33-მა ადამინმა იჩივლა. მოსარჩელე მხარე რუსეთისგან თითოეული დაღუპულის კომპენსაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვს.

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ბოინგ777-მა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში განიცადა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა - 298 მგზავრი დაიღუპა.

კატასტროფის მომენტისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული ”დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.