ვინ ჩაშალა კონგოში "დიდგორის" ექსპორტი?!

"0 ლარს + 0 რაკეტა = 1.000.000-ის ზარალს"

"რაკეტების წარმოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ავითვისეთ ერთი ტიპის რაკეტის წარმოება... 23 მაისიდან შევძლებთ დღეში 70 რაკეტის წარმოებას"

ძლიერ სეტყვას, რომელმაც კახეთში მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი გაანადგურა, თბილისში "მეხის გავარდნა" მოჰყვა. გაირკვა, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული დატვირთვით არ მუშაობდა, რომელიც შარშან ზარ-ზეიმით დამონტაჟდა და რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უმოქმედობის გამო თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას" დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

სანამ მოკვლევის შედეგები საჯაროდ გახდება ცნობილი, რამდენიმე დეტალის გასარკვევად "დელტას" ვესტუმრეთ. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი თბილისშია განთავსებული და მასზეა დამოკიდებული, გაისვრის თუ არა კახეთში 86 საცეცხლე წერტილი. როგორც გავარკვიეთ, გასულ წელს "დელტამ" ღრუბლების დასამუშავებლად რაკეტები ბულგარეთიდან და მაკედონიიდან ჩამოიტანა, წლეულს კი მათი ადგილობრივად წარმოება ჰქონდა გადაწყვეტილი. რადგან "დელტა" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რაკეტების საწარმოებლად საჭირო თანხისთვისაც მას მიმართა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, რომ თანხა 19 თებერვლამდე სრულად ჩარიცხულიყო, რათა სისტემას 15 აპრილიდან გამართულად ემუშავა, "დელტამ" მოთხოვნილი თანხა სრულად მხოლოდ 10 მარტს მიიღო. შესაბამისად, 15 მაისს, როცა რადარებმა კახეთში სეტყვის საშიშროება დააფიქსირეს, სისტემამ ღრუბლების დასამუშავებლად მხოლოდ ის რაკეტები გაისროლა, რაც შარშან ბულგარეთსა და მაკედონიაში შეძენილი პარტიებიდან ჰქონდა დარჩენილი.

უთანხმოება თავდაცვის მოქმედ მინისტრსა და "დელტას" აწ უკვე გათავისუფლებულ ხელმძღვანელს შორის არახალია და კახეთის თავზე შავი ღრუბლების შეგროვების შემდეგ არ დაწყებულა. ჯერ იყო და, თინა ხიდაშელი სამრეწველო კომპლექს "დელტაში" სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნას ითხოვდა. მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი, კომპანიის საქმიანობის გარდა, ის დაფინანსება იყო, რომელსაც საწარმო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა. როგორც ჩანს, "დელტასთვის" თანხის გადარიცხვა-გადაურიცხველობის საკითხი თავდაცვის სამინისტროსთვის პრინციპული მნიშვნელობის არის, რადგან სამხედრო-სამეცნიერო ცენტრში ჩემი ყოფნის დროსაც კი თანამშრომლები ხელფასების დაგვიანებას უჩიოდნენ. ფინანსური საკითხების გარდა, თინა ხიდაშელი უკმაყოფილო იყო იმ სამხედრო ტექნიკითაც, რომელსაც "დელტა" აწარმოებს. ხიდაშელის ოპონენტებმა მაშინ მისი ეს განცხადება სამხედრო მრეწველობის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობადაც კი შეაფასეს.

უჩა ძოძუაშვილი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი: "სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მთელი სიკეთე მის სრულ ავტომატიზებულობაშია. ინფორმაცია სწრაფად მუშავდება, მისი შემოსვლიდან, ფაქტობრივად, 5-10 წამში შეგიძლია მოამზადო სისტემა გასროლისთვის.

- ამ შემთხვევაში რა მოხდა, არ შემოვიდა შეტყობინება?

- რა თქმა უნდა, რადარმა დააფიქსირა ღრუბელი, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა "საქაერონავიგაციის" მხრიდანაც იყო შეზღუდვა - თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც აღჭურვილი იყო რაკეტებით, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე რაკეტების გარეშე. ისინი ნამდვილად არ გვქონდა საკმარისად.

ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი: "ინფორმაცია, რომ "დელტას", შესაძლოა, გაეყიდა "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები კონგოში, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა და შემდეგ არაოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაცია უფრო დასტურდებოდა, ვიდრე უარყოფილი იყო. ჩამოსული იყვნენ კონგოს წარმომადგენლები, მათთვის მოეწყო ამ ჯავშანტექნიკის ჩვენება და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოწონებაც დაიმსახურა. შესაბამისად, ყველაფერი მიდიოდა ამ კონტრაქტის გაფორმებისკენ. შემდეგ ეს პროცესი ჩაიშალა, რატომ - ამის დოკუმენტური დადასტურება დღეს რთულია, თუმცა გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ამ გარიგებით არ იყვნენ დაინტერესებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი. შესაბამისად, არ მისცეს "დელტას" ამ პროდუქციის უცხოეთში გაყიდვის ნებართვა. დღეს ეს ჯავშანმანქანები არც უცხოეთშია გაყიდული, არც ქართული არმია იღებს შეიარაღებაში და მტვერი ედება".

ემა ტუხიაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 23 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად