„კაპიტანი ამერიკა" 2016 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია

ძმები ენტონი და ჯო რუსების ახალი ბლოკბასტერი „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ 2016 წლის პირველი ფილმი გახდა, რომელმაც შემოსავლებით მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა.

მსოფლიო კინოეკრანებზე 6 მაისს გამოსულ ფილმს თითქმის სამი კვირა დასჭირდა, რომ ამ ნიშნულისთვის მიეღწია და შესაბამისად, მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. 23 მაისის მონაცემებით, ამერიკული ბლოკბასტერის შემოსავლებმა 1,053 მილიარდი შეადგინა, აქედან 67% ანუ 700 მილიონზე მეტი მოდის საზღვარგარეთის ქვეყნებზე, ხოლო 33% ანუ 347 მილიონი ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

ამ დროისთვის რეიტინგის მეორე ნომერია კინოკომპანია „დისნეის“ ანიმაციური ფილმი „ზოოტოპია“, რომელსაც მილიარდიან ნიშნულამდე მხოლოდ 19 მილიონი დოლარი აშორებს. ფილმის შემოსავლები ამ დროისთვის 981 მილიონს აღემატება. მესამე ადგილზე კი კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსის“ კიდევ ერთი ბლოკბასტერი „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“, რომლის შემოსავლებმა ამ დროისთვის 870 მილიონი შეადგინა. თუმცა, მესამე ადგილისთვის მას დისნეის მორიგი მაღალბიუჯეტიანი ფილმი „ჯუნგლების წიგნი“ ეცილება. ამ უკანასკნელის შემოსავლები 860 მილიონს აღწევს. ხუთეულს ასრულებს კინოკომპანია „ფოქსის“ ახალი ბლოკბასტერი „დედპული“, რომლის შემოსავლები მხოლოდ 763 მილიონს შეადგენს.

„კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ 25-ე ფილმი გახდა კინოინდუსტრიის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ჩამონათვალში, რომელმაც მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად 2009 წელს გამოსული „ავატარი“ რჩება 2,788.0 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

კოკა კვირკველია