WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან მიერთების თაობაზე სემინარი მიმდინარეობს

WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან მიერთების თაობაზე სემინარი მიმდინარეობს. ორდღიანი ღონისძიება თემაზე: ”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (GPA) ვალდებულებები, მიერთების პროცესი და კომერციული სიკეთეები საქართველოსთვის” სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ეწყობა.

სემინარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით იმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამდივნო. პროექტი ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილმა განაცხადა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ბევრი სხვა სპეციალიზებული ორგანიზაცია გააჩნია, სადაც საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანია, მათ შორის ერთ-ერთი, საჯარო შესყიდვების თაობაზე შეთანხმებაა. კახა დემეტრაშვილის ინფორმაციით, საქართველო ამჟამად შეფასების პროცესშია. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თხოვნით, EBRD-მა და სხვა ორგანიზაციებმა საქართველოს მზაობასთან, პროგრესთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით სპეციალიზებული კვლევები ჩაატარეს.

”სემინარის მეშვეობით, ჩვენი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები, მეკავშირეები ამერიკის მთავრობიდან, ევროკავშირის დელეგაციიდან, კოლეგები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, ეცდებიან საქართველოს მთავრობას და ბიზნესსაზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სპეციალიზებული შეთანხმებების შესახებ დადებითი მხარეები”,- აღნიშნა კახა დემეტრაშვილმა.

რაც შეეხება, სამომავლო პერსპექტივასა და სარგებელს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ინტესიფიცირება, ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობა, 1,6 ტრილიონი დოლარის ბაზრებზე მსოფლიოში შეღწევადობასთან დაკავშირებით, ლიბერალიზაცია, საჯარო შესყიდვების სისტემის მოდერნიზება, მეტი დემოკრატიზაცია და ა.შ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) იურიდიულ საქმეთა სპეციალისტის, ანა მიულერის შეფასებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ შეთანხმებას, რომელიც აწესებს სტანდარტებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.

”ვფიქრობ, ეს შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს ეკონომიკისთვის, კერძო სექტორისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე საჯარო სექტორის მართვისთვის, იძლევა შემდგომი გაუმჯობესების პერსპექტივებს და საერთაშორისო აღიარებას გატარებული რეფორმებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სექტორში”, - აღნიშნა ანა მიულერმა.

ორდღიან სემინარზე დაგეგმილია შემდეგი საკითების განხილვა: WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (GPA) განახლებული ვარიანტისა და საქართველოსთვის პოტენციური სიკეთეების მიმოხილვა, საქართველოს მიღწევები შესყიდვების რეფორმაში და ამ ფაქტის მნიშვნელობა GPA-თან სავარაუდო მიერთებისათვის, GPA-ის პროცედურული და გამჭვირვალობის დებულებები: პოტენციური სიკეთეები და კვლავ დარჩენილი გამოწვევები, რომლის წინაშე დგანან საქართველოს მთავრობა და ქართული ბიზნესი, WTO GPA შემადგენელი ნაწილები: ორგანიზაციები, ზღვრები, და სხვა საბაზო ცნებები, 2012 წლის WTO GPA-ის სავალდებული მოთხოვნები: EBRD GPA TC დახმარების ინიციატივის საქართველოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობის განხილვის პრეზენტაცია.

GPA-ში გაწევრიანების კომერციული სიკეთეები: ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთან, აშშ შესყიდვების ბაზარი, GPA-ს პოტენციური კომერციული სიკეთეების მიღება: საქართველოს ექსპორტის რეკლამირება და საერთაშორისო შესყიდვები ამ კონტექსტში, GPA-ს პოტენციური კომერციული სიკეთეების მიღება: რა როლის თამაში შეუძლიათ საქართველოს სამინისტროებს რათა დაეხმარონ ქართულ კომპანიებს, ისარგებლონ უცხოური შესყიდვების შესაძლებლობებით? GPA დანერგვა: აშშ და ევროკავშირის მაგალითები, USAID დახმარება საქართველოს, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ საშინაო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება: PPD და ეკონომიკური პოლიტიკის ხელშემწყობი კოალიციის (EPAC) საქმიანობა, GPA-თან მიერთება და GPA-ს კომიტეტის სამუშაო: საქართველო მიერთებამდე, მიერთების დროს და მიერთების შემდეგ, მომავალი ნაბიჯების დასახვა.