ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმებას ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი უკვე დაჯარიმდა კიდეც. მართალია, ამ ეტაპზე არ სახელდება კონკრეტული თანხა, რომლითაც ამა თუ იმ ორგანიზაციის დაჯარიმება მოხდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა 60-დან 80 ათას ლარამდე მერყეობს.

ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაჯარიმებაზე საუბრობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარეც. როგორც ბესო შენგელიამ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, დეტალები მისთვისაც უცნობია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, დაჯარიმებულ ორგანიზაციებს ეროვნულმა ბანკმა ამ ფაქტის შესახებ ყველა სახის ინფორმაციის გამჟღავნება აუკრძალა.

,,საკმაოდ დისკრიმინაციულად მიმაჩნია სწორედ ის ფაქტი, რომ ორგანიზაციები დაავალდებულეს, დაჯარიმებისა და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არ გაემჟღავნებიათ. მათ შესაბამის ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომაც, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია არა იმისკენ, რომ ორგანიზაციებმა კონკრეტული შეცდომები გაითვალისწინონ და გამოასწორონ, არამედ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში თანხების მობილიზების”, - აღნიშნავს ბესო შენგელია.

მიკროსაფინანსო ოგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაგეგმილია შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და მხარეები ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.

,,ჩვენ ასევე მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს და ვაპირებთ შევხვდეთ კობა გვენეტაძეს”, -აცხადებს ბესო შენგელია.

,,ბიზნესპრესნიუსმა” მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი პერმანენტულად ახორციელებს ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირებას.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმება, მათი საქმიანობის ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შემოწმებების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, რამაც განაპირობა კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ:

მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობის ფაქტები;

კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის ნაკლოვანებები;

კლიენტის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა, რაც ავტომატურად განაპირობებს რისკების იდენტიფიცირების პროცესის არაეფექტურობას;

გარიგებების მუდმივი და გაძლიერებული მონიტორინგის განუხორციელებლობა და სხვ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, არ არის შემუშავებული კონტროლის სისტემა, რაც თავის მხრივ მოიცავს შიდა პოლიტიკა-პროცედურებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, პასუხისმგებლობების გადანაწილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

აქვე ხაზი უნდა გაესვას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებაში მენეჯმენტის არასათანადო დამოკიდებულებას.

ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის შესაბამისად, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმების და მათ მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტები კონფიდენციალურია, ვინაიდან აღნიშნული მოიცავს საფინასო ინსტიტუტის და კლიენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე კლიენტების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას.

ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა არ ნიშნავს შემოწმებული სუბიექტებისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმების მიზეზების გამჟღავნების აკრძალვას. ამდენად, ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია გაამჟღავნოს ჯარიმის მოცულობა და ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა დაჯარიმება”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე