„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის გაზმომარაგების შესახებ მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს ”არაკომპეტენტურსა” და ”მცდარს” უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ არაერთი განცხადების მიუხედავად ბოლო პერიოდში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით კვლავ ვრცელდება არაკომპეტენტური და მცდარი ინფორმაციები ქ. თბილისის უსაფრთხო გაზმომარაგებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 17 მაისს ყოველკვირეულ გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს მოდელირებული სიუჟეტის აღწერას - თითქოსდა თბილისის გარკვეულ უბანში მწყობრიდან გამოვიდა გაზგაყვანილობის მილების სისტემა და საფრთხე დაემუქრა მთელი უბნის უსაფრთხოებას.

აღნიშნული შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც დედაქალაქის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მედიასაშუალებებით და პრესის მეშვეობით, ვრცელდება საკითხის კომპეტენტური შესწავლისა და ყველა დაინტერესებული პირის პოზიციის გათვალისწინების გარეშე.

ამასთან, გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ ქართული პრესის ზოგიერთ წარმომადგენელს და სტატიის ავტორს არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა მათ მიერ განხილულ თემასთან დაკავშირებით. ასევე, არ ხდება საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და დაინტერესებულ მხარეთა პოზიციების წარმოდგენის ნაცვლად, საკითხს აშუქებენ ცალმხრივად, ხოლო მკითხველს თავაზობენ უკვე გამზადებულ „დასკვნას“. აღნიშნული მიდგომა არ იძლევა სტატიაში განხილული საკითხის ანალიზის შესაძლებლობას, რაც სტატიის ავტორების არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის შედეგია.

სტატიის ავტორს (თამარ როსტიაშვილი) არც უცდია კომპანიაში დაეზუსტებინა მის მიერ განხილული თემა და ფაქტები, რომლებსაც თითქოსდა ადგილი ქონდა 3 თვის უკან.

სტატიის დასაწყისში ავტორი ეყრდნობა „სპეციალისტების“ ინფორმაციას (რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს) და აღნიშნავს, თითქოსდა თბილისის კონკრეტული უბნების გაზიფიცირების მიზნით, სახელმწიფოს დაფინანსებით ტარდება ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აწარმოებს უხარისხო პოლიეთილენის მილების შესყიდვას. ამასთან, კომპანიის მიერ შესყიდული პოლიეთილენის მილების „ექსპლუატაციის ვადა“ შეადგენს 18 თვეს. შემდეგ ტექსტში ავტორი ტერმინის - „ექსპლუატაციის ვადის“ მაგივრად შესყიდულ მილებთან მიმართებაში იყენებს განმარტებას - „18 თვიანი საგარანტიო ვადა“. აღნიშნული ტერმინების მონაცვლეობა და ერთმანეთში აღრევა ავტორის მიერ საკითხის არასრული და არაკომპეტენტური შესწავლის შედეგია. ქ-ნ თამარი რომ დაინტერესებულიყო, შესაძლოა გაერკვია, რომ პოლიეთილენის მილების „საგარანტიო ვადა“ ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად განსხვავდება „ექსპლუატაციის ვადისაგან“. ნაკეთობის „საგარანტიო ვადა“ მოიცავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ნაკეთობის/საქონლის (ამ შემთხვევაში პოლიეთილენის მილების) დამამზადებელი ან მომწოდებელი კისრულობს ვალდებულებას თავისი ხარჯით აღმოფხვრას (ან შეცვალოს) ნაკეთობის/საქონლის ნებისმიერი ნაკლი (მექანიკური დაზიანების გარდა), რომელიც გამოვლენილი იქნება „საგარანტიო ვადის“ მოქმედების პერიოდში. ხოლო „ექსპლუატაციის ვადა“ წარმოადგენს ნაკეთობის/საქონლის მუშაობის საანგარიშო რესურსს. შესაბამისად, ლოგიკურია შემსყიდველის მხრიდან გამოცხადებულ ტენდერებში შესასყიდ მასალაზე „საგარანტიო ვადის“ მოთხოვნა, მაშინ როცა ნაკეთობის/საქონლის „ექსპლუატაციის ვადა“ განისაზღვრება არა სატენდერო დოკუმენტაციით, არამედ სათანადო სტანდარტებით და ტექნიკური რეგლამენტებით.

კომპანია ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ არანაირი ტენდერი (მითუმეტეს სახელმწიფოს დაფინანსებით) თბილისის კონკრეტული უბნის გაზიფიცირების მიზნით არ ჩატარებულა, უფრო მეტიც არც იგეგმება. ქ. თბილისში ახალი მომხმარებლების გაზიფიცირება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კერძოდ, სემეკის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რაც არ ითვალისწინებს გაზიფიცირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ან სატენდერო პროცედურების ჩატარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ მასალების (მათ შორის პოლიეთილენის მილების) შესყიდვა ხორციელდება მომწოდებლის მხრიდან საქონლის ხარისხის ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში. აქვე განვმარტავთ, რომ სერტიფიკატში არ მიეთითება „საგარანტიო ვადა“ ან „ექსპლუატაციის ვადა“, თუმცა მითითებული უნდა იყოს რომელი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით არის დამზადებული ნაკეთობა. ამასთან, იმ საკითხის შესწავლა - თუ რამდენად შეესაბამება საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლები მასზე გაცემული სერტიფიკატის მონაცემებს და დარღვევით არის თუ არა გაცემული სერტიფიკატი, სცდება კომპანიის კომპეტენციას და შესაბამისი ორგანოების მიერ ცალკე შესწავლის და რეაგირების საგანია.

ნიშანდობლივია, რომ სტატიის ავტორს (თამარ როსტიაშვილი) მოყვანილი აქვს ამირან ადეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ბ-ნ ამირანი (სტატიის ავტორის განმარტებით - დარგის სპეციალისტი) საუბრობს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პოლიეთილენის მილები. თუმცა ქ-ნ თამარი განგებ არ აღნიშნავს, რომ მითითებული პიროვნება წარმოადგენს იმ კომპანიის (შპს „პოლიმერი 1“) დირექტორს, რომელთანაც შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება პოლიეთილენის მილების მოწოდებაზე.

აქვე ვაზუსტებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში,ქალაქისთვის ერთობ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ გამოცხადდა ტენდერი პოლიეთილენის მილების შესყიდვაზე. აღნიშნული პროექტით დაგეგმილიაქ. თბილისის დამატებითი მკვებავი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც გაზის დამატებით (აუცილებელ) რაოდენობას მიაწვდის ქალაქის გაზგამანაწილებელ ქსელს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უწყვეტ და სტაბილურ გაზმომარაგებას.

პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სრულად უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, ხოლო პოლიეთილენის მილების შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის სწორედ შპს „პოლიმერი 1“, რომლის დირეტორს წარმოადგენს სტატიის რესპოდენტი ბ-ნ ამირან ადეიშვილი. შესაბამისად, სტატიის ავტორის დასკვნა, თითქოს „ტენდერებში, რომელსაც „ყაზტრანსგაზი“ აცხადებდა, თავის დროზე სწორედ ფალსიფიცირებული მილების შემომტანები იმარჯვებდნენ“ არის სრული სიცრუე და ცილისწამება, ვინაიდან, კომპანიის მიერ მილების შესყიდვაზე ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სწორედ ის პირი, რომელსაც ავტორი მიიჩნევს „დარგის სპეციალისტად“ და ეკითხება აზრს მილების ხარისხობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ავტორის არაკომპეტენტურობა მარტივი მაგალითითაც აშკარაა, კერძოდ, ქ. თბილისში გაზის განაწილების ლიცენზიატს წარმოადგენს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და არა „ყაზტრანსგაზი“ როგორც ავტორი მიუთითებს. ასევე გაუგებარია, რატომ არ ასახელებს და ამჟღავნებს ავტორი იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებთანაც თითქოს კომპანიამ გამართა შეხვედრა და რომლებმაც „გაკიცხეს“ კომპანია „არასწორი ქმედების“ გამო.თუმცა ამ შემთხვევაშიც პასუხი მარტივია - მსგავსი შეხვედრა არ ჩატარებულა და ვერც ერთი ექსპერტი თუ სპეციალისტი ვერ დაადასტურებს მასში მონაწილეობას.

სტატიაში ასევე მოყვანილია ინტერვიუ მეორე რესპოდენტთან - ბ-ნ გია ბურჯანაძესთან (ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე), რომლის შეფასებებიც ასევე აცდენილია რეალობას. მისი განმარტება თითქოსქ. თბილისში გაგარინის მოედანიდან დაწყებული მთელ საბურთალოზე უხარისხო პოლიეთილენის მილებია „ჩაყრილი“, რაშიც 15 მილიონი დაიხარჯა, სცდება ყოველგვარი ფანტაზიის საზღვრებს. ხოლო 15 მილიონიანი ტენდერი (მითუმეტეს კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა) ბუნებაში არ განხორციელებულა. საბურთალოს რაიონში მიწისქვეშა გაზსადენები ძირითადად დამონტაჟებულია ფოლადის მილებით, მათი შეცვლის სამუშაოები კომპანიას არ უწარმოებია და არც უახლოეს მომავალში იგეგმება, ვინაიდან აღნიშნული მილები ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

ასევე აბსურდულად ჟღერს სტატიის ავტორის მიერ მოყვანილი ტერმინი - „მწყობრიდან გამოვიდა გაზგაყვანილობის მილების სისტემა“. გაზმომარაგების საკითხებში ოდნავ მაინც გათვითცნობიერებული პირისთვის სრულიად ნათელია, რომ დასახლებული უბნის მთლიანი გაზგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა სტიქიურმა კატაკლიზმებმა, სხვა შემთხვევებში აღნიშნული შეუძლებელია. გაზსადენებზე, დროთა განმავლობაში, ფიქსირდება სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ლოკალური ხასიათის ავარიები, რასთან დაკავშირებითაც კომპანია უწყვეტად ახორციელებს მიწისქვეშა გაზსადენების ტრასის შემოვლას გაზის გაჟონვის კერების აღმოჩენის და ლიკვიდაციის მიზნით.

აქვე განვმარტავთ, რომ გაგარინის მოედანზე განთავსებულ გაზსადენებზე ავარია ან გაზის გაჟონვა რამოდენიმე წელია არ ფიქსირდება. ხოლო სტატიის ავტორს, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, თითქოსდა გაგარინის მოედანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აფეთქების საფრთხე ემუქრებოდათ, სურს პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც საბოტაჟის ნიშნებს უფრო შეიცავს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საშიშროება უსაფრთხოების კუთხით ქალაქ თბილისის არცერთ უბანში (სადაც გაზის მიწოდებას ახორციელებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) მოქალაქეებს და ქალაქის მაცხოვრებლებს არ ემუქრებათ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

მნიშვნელოვანიაისგარემოება , რომ ქ-ნ თამარ როსტიაშვილს, მის სტატიაში განხილული საკითხების დაზუსტების მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ არ მოუმართავს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სტატია მომზადებულია ტენდენციურად . მასში ასახული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება არარეალური სიტუაციის გაშუქებას, არამედ მიმართულია კომპანიის დისკრედიტაციისკენ , რაც კატეგორიულად მიუღებელია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“.

ამასთან, შპს " ყაზტრანსგაზ- თბილისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის გაზმომარაგებასთან ”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.