თბილისში „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი“ გაიმართა

„ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია Welcome to Georgia, National Tourism Award, თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფორუმი გაიხსნა პრესკონფერენციით, რომელსაც ესწრება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Welcome to Georgia, National Tourism Award-ის დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, რაც არის მთელი მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების აქტიური ქმედების შედეგი.

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნას ტურიზმის სფეროს მოთამაშეების წახალისებას და სტიმულირებას, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება დღევანდელი ფორუმი, ასევე შემოდგომაზე დაგეგმილი ტურიზმის სექტორის დაჯილდოების ცერემონია”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. დედაქალაქის მერმა პირველ რიგში დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მისი მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

“ამ მხრივ, წლევანდელი წელი გამორჩეულია, ვინაიდან აღმაშენებლის გამზირზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე წესრიგდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, დედაენის ბაღი, ღვინის აღმართზე მიმდინარეობს ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების ნაკადი მეტად მოიმატებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ტურიზმის დარგში მომუშავეების წახალისება.

“ტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტული დარგია, ძალიან წარმატებული წელია, გვაქვს მაღალი ზრდა. რაც განაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის გაღვივებას საერთაშორისო დონეზე. კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება, რათა საქართველოს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს არის არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, მარკენტინგული კამპანიები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კონკრეტული წახალისების პროექტები, რითაც ჩვენ სასტუმროების ინდუსტრიას ვუწყობთ ხელს, რათა მოხდეს რეგიონში დივერსიფიკაცია და უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორის მიღება”, - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

Welcome to Georgia, National Tourism Award ეს არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია. რომელიც ტარდება საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. პროექტში მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან. მეორე ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 21 განსხვავებულ კატეგორიაში და მას პროფესიული ჟიური და ონლაინ-მომხმარებელი გამოავლენს.