ნოდარ ხადური სავალუტო ფონდის კონფერენციაში მონაწილეობს

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, კონფერენცია ასტანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის პრობლემური საკითხები განიხილება.

კონფერენციაზე, მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია ნოდარ ხადურის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრებთან, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან.

დღესვე, კონფერენციაზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.