დავით ნარმანია - მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის კეთილმოწყობასა და გამწვანებას ითვალისწინებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად ”მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე, პროექტ ”ახალი მზიურის“ ფარგლებში მიმდინარე ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „მზიურის პარკის“ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს, მათ შორის შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვა ადაპტირებული სველი წერტილებით, დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის სამსახურების თანამშრომლებს დღეს ”მზიურის ტერიტორიაზე ”დავალებები მისცა.

„თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც მზიურის ტერიტორიაზე კეთდება, რათა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, მზიურის პარკის ტერიტორიაზე ვაწესრიგებთ პარკს. მე შესაბამისი დავალებები მივეცი უშუალოდ მერიის სამსახურების თანამშრომლებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სიახლეები შეეხება „მზიურის პარკის“ იმ ნაწილს, რომელიც ჭავჭავაძიდან ჩადის, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც სტიქიის დროს, 13 ივნისს დაზიანდა, ამ ნაწილშიც აღდგება სარეკრეაციო ფუნქცია.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც გასულ წელს დაზიანდა, სტიქიის შემდეგ, მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, აქაც ჩვენ ყველა ტიპის შავი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მზიურის ტერიტორიის კეთილმოწყობას და გამწვანებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულში. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები და მოწესრიგდება ტერიტორია, რათა ის რეკრეაციული ფუნქცია, რაც „მზიურის პარკს“ ჰქონდა, მთლიანად იქნას აღდგენილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მზიურის პარკის ტერიტორიაზე ამფითეატრი საერთო სარგებლობის ობიექტად რჩება და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამსახურე პერსონალის გადამზადება. უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არმქონე პირებისთვის სპეციალური მანიშნებლები დამონტაჟდება.

მერიის ცნობით, ”მზიური” ტერიტორიაზე ასევე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც. წლების განმალობაში პარკს არ ჰქონდა გარე განათება. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ლამპიონების დამონტაჟება.