რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

სამინისტროში აცხადებენ, რომ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.