სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება

სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესს, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას.

”2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის, გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 319-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 171 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესს, რათა მოკლევადიან პერიოდში უმოქმედო საწარმოთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.