”საპარტნიორო ფონდს” აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის დელეგაცია ესტუმრა

”საპარტნიორო ფონდს” საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ესტუმრა.

როგორც ”საპარტნიორო ფონდში” აცხადებენ, დელეგაცია ფონდის მუშაობის სპეციფიკასა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის საინვესტიციო და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფონდის წარმომადგენლებმა CACCI-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნესკლიმატი გააცნეს.

”საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, CACCI-ის დელეგაცია სამრეწველო პალატის მოწვევით თბილისს 22 მაისს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გარდა CACCI-ის ხელმძღვანელი პირებისა, ასევე იმყოფებიან ჰონგ კონგის, პაკისტანის, ბანგლადეშის და ჩინეთის სავაჭრო პალატების პრეზიდენტები, რომლებიც ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ფონდების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრო. ფორუმზე საქართველოს ეროვნული სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის პრეზენტაციები გამართეს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნესგარემოს შესახებ ისაუბრეს.