დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა. დავით ებრალიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების საკითხებს კურირებს, ამის მიზეზად პროექტის მოუმზადებლობას ასახელებს.

"ამ პროექტზე უარი ითქვა იმიტომ, რომ იყო არასწორი და დაუგეგმავი პროექტი. მოუმზადებელი იყო, მიუღებელი პირობებით. ამიტომ მასზე უარი ვთქვით. რამდენიმე ვარიანტი იყო - ერთი კონგო, მეორე ის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთში განხორციელდა. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ მეორეზე",- განაცხადა ებრალიძემ.

მისივე თქმით, თუ ზემოაღნიშნული პროექტი დაიხვეწა, თავდაცვის სამინისტრო მას მიუბრუნდება. ამასთან, ებრალიძე აცხადებს, რომ "დელტას" ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გადაყენება ქართული წარმოების სამხედრო მანქანების ექსპორტთან დაკავშირებულ უთანხმოებას არ უკავშირდება და ამის მიზეზი სეტყვისსაწინააღმდეგო ტექნიკის მუშაობის შეფერხებაა.

ინფორმაცია, რომ "დელტას", შესაძლოა, "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები კონგოში გაეყიდა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. საქართველოში იმყოფებოდნენ კონგოს წარმომადგენლებიც და მათთვის ჯავშანტექნიკის ჩვენება მოეწყო, თუმცა კონტრაქტს ხელი არ მოეწერა.