სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თაფლის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სისტემა დანერგა

ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირი საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც, ქართველ მეწარმეებს თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში სარეალიზაციოდ გატანის შესაძლებლობა მიეცემათ. ქართული თაფლი გახდება პირველი ცხოველური წარმოშობის სურსათი, რომელიც ევროკავშირში აღიარებას მიიღებს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2014 წლის დეკემბერში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკომისიის ჯანმთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატის სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO) აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განხორციელებული აუდიტის საფუძვლზე, FVO-ს მიერ შემუშავდა 8 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომლის ნაწილი კანონმდებლობას, ნაწილი კი სურსათის უვნებლობის სფეროში გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს ეხება.

”ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლიდან დღემდე რეკომენდაციების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები, რაც გზას უხსნის ქართველ მეფუტკრეებს, პროდუქცია სარეალიზაციოდ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა, ხოლო 2015 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ნიმუშებს ლატვიაში, ქალაქ რიგაში, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში „BIOR” აგზავნის”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია ქართული თაფლის ნიმუშებს იკვლევს. 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა.

”მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, სისტემატურად მართავს შეხვედრებს თაფლის ქართველ მწარმოებლებთან”, - აცხადებენ სამინისტროში.