ქუთაისის მერიაში ბიზნესის საბჭო იქმნება

ქუთაისის მერიაში ბიზნესის საბჭოს იქმნება. ბიზნესის საბჭოს შექმნის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ინფორმაცია ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა მიაწოდეს. საბჭო იქმნება ქალაქ ქუთაისში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით. მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს.

საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და ბიზნესის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ბიზნესის ხელშეწყობისათვის რეფორმების განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადება, რეფორმების დაგეგმვის და მიმდინარეობის პროცესის მხარდაჭერა და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი.

საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. საბჭოს ჰყავს ორი თანათავმჯდომარე, რომელთაგან ერთი არის ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე აირჩევა საბჭოს მოწვეულ წევრთაგან. საბჭო შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სუბიექტების, დარგის სპეციალისტების, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

,,ყველა ბიზნეს სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, 3 ივნისის ჩათვლით ეკონომიკის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ბიზნესი ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ბიზნესის განვითარება არის ყველა იმ ძირეული პრობლემის მოგვარების გასაღები, რომელიც ქალაქს აქვს“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.