შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თვენახევრის წინ გაჟღერებულმა საკითხმა, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრები უნდა გამართულიყო და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდნენ, კარგი სტარტი აიღო და დღეს უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა.

”დღეს პირველი შეხვედრაა ფარმაციის, ფარმინდუსტრიის, ფარმაცევტული მომსახურების, სამედიცინო მომსახურეობის და სამედიცინო ტექნიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებთან. პირველი შეხვედრიდან სხვადასხვა კითხვები დაისვა და ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე კონკრეტული შედეგები დაიდო. მათ ჰქონდათ პრეტენზიები, რომ თანხის გადახდები გვიანდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან, რადგან არსად იყო გაწერილი, ამ თანხას ერთ თვეში გადაიხდიდა თუ რა დროში, შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომ ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სხვა ყველა დოკუმენტის გაფორმების პროცედურებიდან სავარაუდოდ, 10 დღის განმავლობაში მოხდეს თანხის ანაზღაურება. მათი პრეტენზია ეხებოდა ასევე არაადექვატური ჯარიმების ოდენობას, როცა ვერ ხდებოდა ვალდებულების შესრულება მიმწოდებლის მხრიდან. ამის თაობაზე უკვე მომზადებულია რეკომენდაცია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე ვნახეთ ქეისები, როცა გამოცხადებულ სავარაუდო თანხას აღემატებოდა უკვე დარიცხული ჯარიმები, ეს ცუდია, არასწორია და ჩვენ მივუთითეთ, რომ სავარაუდოდ 20 ან 30 %-ს არ აცდეს ჯარიმა. პირველი შეხვედრების შედეგები ეს იყო”, - განაცხადა რაზმაძემ.

რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების პრობლემებს, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბევრმა კომპანიამ არ იცის, თუ როგორ დაიცვას თავისი უფლებები.

”ეს შეხვედრები ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენ მათ თავიანთი უფლებები განვუმარტოთ და გამოვაყენებინოთ. ის, რა საკითხებიც დაისვა, ძალიან მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ჩვენ გვაქვს პროგრამაში ჩაშენებული კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ პირდაპირ კითხვა დაუსვან შემსყიდველ კომპანიას და ის ვალდებულია ამ კითხვას გასცეს პასუხი და მეორე, თუ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებს, მას შეუძლია ეს გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ დავების საბჭო განიხილავს ამ საკითხებს და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. მზად ვართ, ყველა საკითხზე გავცეთ პასუხი და არ დავტოვოთ ღიად არც ერთი საკითხი, რომელიც მათ აინტერესებთ, და რომელიც მათი უფლებების დარღვევისკენ არის მიმართული”, - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.

თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილია ბეგიაშვილის თქმით, ბიზნესთან ურთიერთობა მთავრობის პრიორიტეტია.

”ბუნებრივია, ყველა ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ეს სფერო საქართველოს მთავრობის ინტერესების და ყურადღების სფეროშია და მონიტორინგის ქვეშ არის. თვენახევრის წინ შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით შედგა პირველი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, და იქვე გაჟღერდა ინიციატივა, რომ მსგავსი შეხვედრები იყოს უფრო ინტენსიური. პირველივე შეხვედრამ ცხადყო, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ყოფილიყო სფეროების, მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს, საკმაოდ დიდ შესყიდვებს ახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხები, რას ფიქრობს ბიზნესი ამ თანხების ხარჯვაზე და რა პრობლემები აქვთ მათ”, - აღნიშნა ბეგიაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრების მეშვეობით მთავრობას აქვს საშუალება ”ბიზნესის პულსზე ჰქონდეს ხელი”.

”მთავრობის ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს ამ ინიციატივას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობაც, აქ დაყენებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება მხარდაჭერილი მთავრობის მხრიდან. მსგავსი შეხვედრები ეფექტურია მყისიერი რეაგირებისთვის ამა თუ იმ პრობლემაზე”, - დასძინა ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქვეყანაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა განმარტებით, მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია და ისინი პრობლემების მოგვარების იმედს გამოთქვამენ.