26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 17 წლის ასაკიდან. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.