საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა

პირველი მაისისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მაისისათვის 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 156.4 მლნ ლარით ანუ 1.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 5.2 პროცენტით მეტი).

აპრილში წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 375.6 მლნ ლარით ანუ 4.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.04 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 532.1 მლნ ლარით, ანუ 8.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 12.3 პროცენტით).

სებ-ის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 30.52 პროცენტი შეადგინა - პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით 1.33 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.12 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.