თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია.

შსს-ს ცნობით, 25 მაისს 00:30 საათიდან გადაკეტილია თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეზღუდულია რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ, ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.