მოსახლეობის 56% მზად არის, საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, მოსახლეობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად თვითმკურნალობა რჩება.

მოსახლეობის 56% მზად არის, საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს - ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ძირითადი შედეგი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში. ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად თვითმკურნალობა რჩება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს. ორგანიზაციის კიდევ ერთი რეკომენდაცია რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებულ ხარვეზებს ეხება.