შემოსავლების სამსახური - ლარსის საბაჟოზე ტრაილერების გაჩერების მიზეზი რუსეთში შექმნილი ვითარებაა

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების ნაკადის გაჩერებას რუსულ მხარეს უკავშირებს.

მოისწრაფიშვილის განცხადებით, ტრაილერების გაჩერების მიზეზი მეზობელი ქვეყნის მხარეს შექმნილი ვითარებაა.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს რუსეთის მხარე სატვირთო ავტომობილების ნაკადს.

”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სატვირთო ავტომობილების მობილიზება მოხდა საბაჟო-გამშვები პუნქტის ლარსის მიმართულებით. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურულად ჩვენი მეზობელი ქვეყნის საბაჟო ვერ უზრუნველყოფს იმდენივე სატვირთო ავტომობილის გატარებას, რამდენსაც - ჩვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები ვართ ვიყოთ მათ ტემპსა და შესაძლებლობებზე დამოკიდებული და ვატარებთ იმდენ მანქანას, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს კონკრეტულ მომენტში რუსეთის საბაჟოს”, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს კვირაში 7 დღეს, 24 საათის განმავლობაში, ისევე როგორც ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველოში.

”ახლა სეზონურობის პერიოდიც დაიწყება, მოსალოდნელია, რომ დიდი ნაკადი იქნება, რაც გამოიწვევს საცობებს, მაგრამ მინდა მძღოლებს ვუთხრა, რომ ჩვენი მხრიდან, არანაირი შეფერხება არ აქვთ. ისინი ჩვეულებრივად გადიან საბაჟო პროცედურებს და ამაში მათ სულ რამდენიმე წუთი ეკარგებათ. უბრალოდ, ვატარებთ იმდენ მანქანას, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს რუსეთის საბაჟოს”, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.