საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი

უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამჟამად 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 50 დოლარს გადაცდა, ხოლო "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 518 დოლარს გაუტოლდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ ქართული საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება. როგორც აფბა-ს ანალიტიკოსები განმარტავენ, ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს.

იმპორტიორები ასეთ შეფასებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავის ფასი რეალურია და საერთაშორისო ტენდენციას ზუსტად ასახავს. ამდენად, მოსაზრება, რომ საფასო პოლიტიკა გადაიხედოს, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.

25 მაისის მდგომარეობით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 518 დოლარს შეადგენს, დიზელზე - 448 დოლარს. რაც შეეხება საქართველოში საბითუმო ბაზარს, აქ 1 ლიტრი 1,25 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 1,15-1,18 ლარი. საცალო და საბითუმო ფასს შორის სხვაობა 20-30 თეთრია.

იმპორტიორების შეფასებით, ფასთა შორის სხვაობის ზრდას ლარის გამყარება ვერ ასტაბილურებს. არ არის გამორიცხული, გაძვირების ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს, რადგან საერთაშორისო ბაზრებზეც ფასი თითქმის ყოველდღიურად მაღლა იწევს, თუმცა, უახლოესი 3-5 დღის განმავლობაში ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

იმპორტიორ კომპანიებში საწვავის გაძვირება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ღირებულება სამჯერ შეიცვალა. რაც შეეხება დღევანდელ ფასს, არაბრენდირებულ სადგურებზე 1 ლ ბენზინი 1,40-1,42 ლარი ღირს, ხოლო დიზელი 1,25 ლარად იყიდება.

ბრენდირებული სადგურებიდან ყველაზე იაფი საწვავი "ლუკოილის" ქსელშია, სადაც 1 ლ "ევრორეგულარი" 1,44 ლარია, ევროდიზელი 1,43 ლარი ღირს, ხოლო "პრემიუმ ავანგარდი" 1,63 ლარად იყიდება.

ევრორეგულარის ფასი 1,51 ლარს შეადგენს "რომპეტროლში", ხოლო ევროდიზელისა - 1,69 ლარს. "გალფის" ავტოგასამართ ქსელში კი ასეთი ფასებია: "რეგულარი" - 1,52 ლარი, აზერბაიჯანული დიზელი - 1,54 ლარი.

რაც შეეხება "ვისოლის" ქსელს, "ევრორეგულარის" ფასი 1,55 ლარია, "დიზელ ენერჯი" 1,45 ლარად იყიდება, ხოლო ყველაზე ძვირი ღირს "ეკო სუპერი", რომლის ფასიც 1,93 ლარს უტოლდება.

იმპორტიორები ამბობენ, რომ მაქსიმალურად შეეცადნენ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან უცხოურ ბაზრებზე ტენდენცია გაძვირებისკენ არის მიმართული. კომპანია "სანტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ფიქრობს, რომ ფასი მეტნაკლებად სავალუტო კურსმა დაარეგულირა. სინამდვილეში, სხვაობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლარის გამყარებამ საწვავის ფასზე სასიკეთოდ იმოქმედა.

"ჩემი მოლოდინი გამართლდა და საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ამ პროცესს გვერდს ვერ ავუვლიდით. როდესაც ფასი საერთაშორისო ბაზრებზე მატულობს, მცირე დაგვიანებით, აქაც იგივე ხდება. ლარის გამყარებამ ადგილობრივ ბაზარზე ფასი მეტ-ნაკლებად დააბალანსა. ამიტომაა, რომ სხვაობა ჯერჯერობით მცირეა.

უახლოეს დღეებში ბაზარზე ცვლილებას გაძვირების ან გაიაფების მხრივ არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუკი სიძვირის ტრენდი უცხოურ ბაზრებზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, ფასის დაჭერა გაგვიჭირდება. პროგნოზი ყოველთვის ჭირს, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. მესმის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება გაიაფების ხელშემწყობი პირობაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი", - აცხადებს იაკობიძე.

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი იმპორტიორები კატეგორიულად ემიჯნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს და აცხადებენ, რომ მათი არგუმენტი საწვავის ფასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. როგორც კომპანია "ლუკოილის" დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე განმარტავს, კეთდება ნაკლებად კომპეტენტური განცხადებები, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

"საწვავის ფასს, როგორც წესი, განსაზღვრავს კონკრეტული კომპანიის საფასო პოლიტიკა, ლოგისტიკა და გარდამავალი ნაშთი.

ფასი არ ითვლება კალკულატორით, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია განვაცხადო, რომ 27 მაისს საწვავის ფასი არ შეიცვლება, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, ამის პროგნოზი შეუძლებელია.

საბედნიეროდ, მყარდება ლარი, მაგრამ ძვირდება საწვავი მსოფლიოში და ამ პროცესს გვერდს ვერ ავუვლით. უნდა ითქვას, რომ სავალუტო კურსი ძალიან დაგვეხმარა, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებოდით", - აცხადებს "რეზონანსთან" შავლეგ მიშველაძე.

საწვავის ფასის დინამიკა, თუ როგორ განვითარდება იგი, საბოლოოდ ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ "ოპეკი" მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს გეგმავს, სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. 1 კვირის შემდეგ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს, მაგრამ ოფიციალური თეირანი შეხვედრამდე აანონსებს, რომ ირანი ისევ არ შეუერთდება ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას და მომავალი ზაფხულისთვის საექსპორტო პოტენციალს დღეში 2,2 მლნ ბარელამდე გაზრდის.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"