სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად ევროკავშირი ყოველ წელს 7 მლნ ლარზე მეტს გამოყოფს

პორტალი euroline.ge ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

ამჯერად ვიდეორგოლის სახელწოდებაა: ”როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს – მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები”.

ვიდეოში, რომელსაც euroline.ge საკუთარ გვერდზე აქვეყნებს (http://www.euroline.ge/?p=7017) ხაზია გასმული, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში.

”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პირველი პრიორიტეტი, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვაა. ევროკავშირს მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში. აქ იგულისხმება 2008-2011 წლებში სახალხო დამცველის დასახმარებლად გამოყოფილი 2 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და დამატებით 1.2 მილიონი ევრო, რომელიც 2012-2015 წლებისთვის გამოიყო. წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო, როგორ მატერიალური უზრუნველყოფის, ტექნიკის და საბიბლიოთეკო რესურსების სახით, ისე შიდაადმინისტრაციული პროცედურების დახვეწის სფეროში. პარლამენტის ვებ-გვერდიც ევროკავშირის დახმარებით განახლდა.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნას. ყოველ წელს ევროკავშირი 7 მლნ ლარზე მეტს გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად”, - წერს euroline.ge.