მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები

ბოლო პერიოდში გახშირებული ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავით მგზავრობა დღესაც გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.

ავსტრალიური ვებგვერდის, AirlineRatings.com-ის მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიო ავიახაზებმა 34 მილიონი ავიარეისი შეასრულეს და 3,6 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს.

AirlineRatings-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი, რომლის შედგენისას, გათვალისწინებული იყო ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ავიაკომპანიის იმიჯი, ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარი ავიაკატასტროფების რაოდენობა და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებული უსაფრთხოების აუდიტის შედეგები.

1. მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების სიაში მოხვდა ავიაკომპანია Air New Zealand, რომელიც 15 წლის წინ, ფინანსური კრიზისის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა, თუმცა მას შემდეგ დაკარგული პოზიციების დაბრუნება შეძლო.

ახალზელანდიური ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში რაიმე სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა.

2. Singapore Airlines-მა მსოფლიო აღიარება მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ეფექტური მუშაობით მოიპოვა. სხვადასხვა რეიტინგის თანახმად, სინგაპურის ავიახაზები მსოფლიოში მეორე საუკეთესო ავიაკომპანიაა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ ავიაკომპანიასთან დაკავშირებული არცერთი ავიაინციდენტი არ მომხდარა.

3. ფინეთის ეროვნული ავიახაზები Finnair მსოფლიოში მაღალი ცნობადობით არ სარგებლობს, თუმცა ის რეიტინგში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. AirlineRatings-ის შეფასებით, ფინური ავიაკომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. Finnair-ის კუთვნილი თვითმფრინავების ბორტზე რაიმე სერიოზული ინციდენტი ბოლო 55 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

4. AirlineRatings ავიაკომპანია Cathay Pacific-ს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საუკეთესო მაგისტრალურ ავიაკომპანიად ასახელებს. Cathay Pacific თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა.

5. 1985 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია Emirates მსოფლიო ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ავიაკომპანია უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ზედმიწევნით იცავს.

6. "მეზობლის" მსგავსად, აბუ დაბიში დაფუძნებულმა ავიაკომპანია Etihad-მა, 10-წლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, იდეალური რეპუტაციის მქონე კომპანიის იმიჯი მოიპოვა.

7. AirlineRatings ტაივანურ Eva Air-ს აზიის რეგიონში საუკეთესო მაგისტრალურ ავიახაზად ასახელებს. ავსტრალიური საიტი აღნიშნავს, რომ 1988 წელს დაფუძნების შემდეგ, კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავების ბორტზე რაიმე სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა.

8. გერმანული Lufthansa ევროპულ ავიაგადამზიდებს შორის წამყვანი ავიაკომპანიაა. 1955 წელს, ფრანკუფრტში დაფუძნებული Lufthansa შეფასებულია AirlineRatings-ის მიერ, როგორც ევროპაში საუკეთესო მაგისტრალური ავიახაზი.

9. US Airways-თან გაერთიანების შემდეგ ამერიკულ ავიაკომპანია American Airlines-ის განკარგულებაში 900 თვითმფრინავი აღმოჩნდა. როგორც AirlineRatings აღნიშნავს, 2011 წლის შემდეგ American Airlines-ის ბორტზე სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა.

10. ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM მსოფლიოში უძველესი ოპერატორია ავიაინდუსტრიაში. 1920 წელს დაფუძნებული KLM ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სანდო რეპუტაციის მქონე ოპერატორია.

განაგრძეთ კითხვა