დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, იუსტიციის მინისტრის არგუმენტი, რომ 2011 წლის მემორანდუმს მხოლოდ ერთი ოჯახი აწერს ხელს, ბავშურია, რადგან მემორანდუმზე ხელმომწერი ირენ ციციშვილია, რომელიც ორგანიზაცია "ქართული კერის" თავმჯდომარეა.

დავითაია აღნიშნავს, რომ ირენ ციციშვილი მოლაპარაკებებში ყველა იმ ოჯახს წარმოადგენდა, რომელიც ლევილის მამულს ფლობს.

"კიდევ ერთ დამატებით განმარტებას გავაკეთებ ლევილის მამულთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ამით ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა შესაძლო კითხვას. გუშინ ქალბატონი თეა წულუკიანისგან მოვისმინეთ, თითქოსდა 2011 წელს გაფორმებულ მემორანდუმს მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენელი აწერდა ხელს, ხოლო მათ მიერ გაფორმებულ განზრახულებათა პაკეტს რამდენიმემ მოაწერა. ეს ძალიან ბავშვური არგუმენტია. მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ "ქართული კერა" არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის წარმომადგენლებს და არის ლევილის მამულის ფაქტობრივი მფლობელი და განმკარგავი. მისი თავმჯდომარე ქალბატონი ირენ ციციშვილი კი ამ მოლაპარაკებებში წარმოადგენდა "ქართულ კერას", მაშასადამე ყველა იმ ოჯახს, რომელიც ფლობს ლევილის მამულს და 2011 წლის მემორანდუმს ქალბატონი ირენი ხელს აწერს სწორედ ყველას სახელით და არა მხოლოდ თავისი ოჯახის სახელით, როგორც ამას ქალბატონი თეა წულუკიანი ამტკიცებს", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.