ფიფა-ს პრეზიდენტმა 2 მილიონი დოლარის ოდენობით ხელფასს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს - ფიფა-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მისთვის ხელფასის სახით შეთავაზებულ 2 მილიონ დოლარს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 45 წლის ინფანტინოს ფიფა-ს პრეზიდენტობის სანაცვლოდ ხელფასის სახით წლიურად 2 მილიონი დოლარი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ მის წინამორბედს ზეპ ბლატერს ერთი მილიონი დოლარით მეტი ხელფასი ჰქონდა.

„მე არ დავთანმხდები ამ შემოთავაზებას. ეს შეურაცხმყოფელი წინადადებაა“, - განუცხადა ინფანტინომ საბჭოს.

შვეიცარიელი ჯანი ინფანტინო ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესზე პრეზიდენტად თებერვალში აირჩიეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველო ორგანოში ახალი პრეზიდენტის არჩევა კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალს მოჰყვა, რომლის შედეგად პრეზიდენტის პოსტი დატოვა ზეპ ბლატერმა.