"ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტმა კრახი განიცადა!"

"ნაცვლად იმისა, "ჭკვიან შუქნიშანს" დაერეგულირებინა მოძრაობა და განეტვირთა საცობები, პირიქით, ხშირად საცობის წარმოქმნის მიზეზი ხდება"

2011-2015 წლებში "სმარტშუქნიშნების" მონტაჟსა და სერვისზე დახარჯულია 13, 3 მილიონი ლარი. მერიის განმარტებით, ახალი შუქნიშნები ძველთან შედარებით ბევრად ძვირად ღირებულია

ე. წ. ჭკვიანი შუქნიშნების თემა დიდი ხანია საზოგადოების განხილვის საგანია. მძღოლების ნაწილი თვლის, რომ ახალი შუქნიშნები მოძრაობის დარეგულირებისთვის გამოუსადეგარია და ძველ წამმზომიან შუქნიშნებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნია. რა უხერხულობას უქმნის ახალი შუქნიშნები მძღოლებს? იზრდება თუ არა საავარიო შემთხვევების რისკი "წითლიდან" პირდაპირ "მწვანეზე" გადასვლის შემთხვევაში? ექსპერტ ვასო ურუშაძის თქმით, მერიას "ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტი ჩაუვარდა და მასში გადახდილი მილიონები გადაყრილია!

- თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინიციატივით წამმზომიანი (დროის ამთვლელი) შუქნიშნები "ჭკვიანი შუქნიშნებით" შეიცვალა, რაშიც მილიონობით ლარი დაიხარჯა. "ჭკვიანი შუქნიშნების" დანერგვის მიზანი იყო ქალაქში მოძრაობის დარეგულირება და საცობებისგან განმუხტვა. გარკვეულწილად ეს მართლაც შესაძლებელი გახლდათ­. აგიხსნით, თუ როგორ უნდა გაზარდოს "ჭკვიანმა შუქნიშანმა" გზაჯვარედინების გამტარუნარიანობა:

შუქნიშანზე დამაგრებულია ვიდეოკონტროლის კამერა, რომელიც შეერთებულია მართვის ცენტრთან. მართვის ცენტრში მონიტორებზე ასახულია შუქნიშნებზე არსებული სიტუაციები, რასაც თვალს ადევნებენ ანალიტიკოსები (ცენტრის თანამშრომლები), ხდება ნაკადების დათვლა და სიტუაციის ანალიზი, რის შემდეგაც შესაძლებელია­ შუქნიშნების­ რეგულირება და მართვა.

როგორ? ვთქვათ, საბურთალოს და პეკინის ქუჩების კვეთაზე მართვის ცენტრის თანამშრომელი კამერებით ხედავს, რომ საბურთალოს ქუჩაზე მოძრავი ნაკადის ინტენსივობა აღემატება პეკინის ქუჩაზე მოძრავი ნაკადის ინტენსივობას. ამიტომ შუქნიშნის რეჟიმს ისე დაარეგულირებს, რომ საბურთალოს ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს მწვანე შუქი უფრო ხანგრძლივად ჰქონდეს. თუმცა ამას სწორი ანალიზიც სჭირდება. მართვის ცენტრის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს ქუჩაზე არსებული სხვა შუქნიშნების ფაქტორიც და მოძრაობა კომპლექსურად დაარეგულიროს, რათა უკუკავშირი არ გამოიწვიოს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 30 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი