ასტანადან და აქტაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა

ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საზეიმო მიღებასთან ერთად ქალაქ ასტანასა და ალმაატაში სრული ანშლაგით ჩაიარა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის“ კონცერტებმა, რომელსაც ყაზახეთის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, 28 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ასტანასა და ბათუმს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აღნიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან ყოველწლიურად მატულობს. ყაზახეთი აჭარის სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და მის ქალაქებში აქტიური სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყაზახეთის ორი დიდი ქალაქიდან, ასტანადან და აქტაუდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენებია დანიშნული.

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ეს უპრეცედენტო ფაქტია, რადგან პირდაპირი ფრენები ყაზახეთიდან აჭარაში არასოდეს შესრულებულა.

„ეს ფრენები კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობას. წელს ველოდებით ყაზახი ტურისტების 40-45%-ით მატებას. წარმატებული იყო შარშან ასტანაში ჩატარებული ბიზნესფორუმიც, რომლის შედეგადაც რეგიონის ცნობადობა და უძრავი ქონების რეალიზაცია გაიზარდა, ასევე, ტურისტების რაოდენობაც“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აჭარაში ყაზახური ინვესტიციების განხორციელების ახალი შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს საელჩოში კულტურის დღეების დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ქვეყნის ცნობადობის გაზრდა იყო, რათა აჭარის რეგიონით უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს.

ყაზახეთში საქართველოს ელჩის გურამ პატარაძის შეფასებით: საქართველოში ბიზნესის წარმოებით ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული, მოქალაქეები კი განსაკუთრებით ბათუმში, ზღვის სანაპიროზე უძრავი ქონების შეძენით.

პატარაძის თქმით, მათ გააცნეს პირობები და ის შეღავათები, რითაც საქართველოში შეიძლება ინვესტორებმა და ბიზნესმენებმა ისარგებლონ.

ადმინისტრაციის განცხადებით, ყაზახი ინვესტორებისთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებები აჭარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბათუმში სექტემბერში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე გამოიკვეთება.