"K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გამო, ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს"

"დაუშვებელია ისტორიული ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიანი შენობები შენდებოდეს იმ ინტენსივობით, როგორც ჩვენთან შენდება"

თბილისში 20 და 30-სართულიანი შენობების არსებობა უკვე აღარავის უკვირს, თუმცა სხვა საკითხია - უხდება თუ არა ეს შენობები ქალაქის იერსახეს. დღეს ბევრ საუბრობს, რომ ასეთი შენობები კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დაამტკიცა. როგორც რეგულაციასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, K2 კოეფიციენტის შეზღუდვით ვერც ერთი მშენებელი დასაშვებზე მეტ მიშენებას ვეღარ განახორციელებს. ეს შეზღუდვა ძირითადად შეეხება ვაკე- საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბე-ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებს. დოკუმენტი მწვანე საფარის შენარჩუნებას და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს. დიმიტრი მოსულიშვილის თქმით, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ეს პრაქტიკა საერთოდ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს და გენგეგმამ განსაზღვროს სიმჭიდროვეც და განაშენიანების რეგლამენტიც“.

გენგეგმის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი არქიტექტორები და მშენებლებიც.

უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძეც მიიჩნევს, რომ გენგეგმის გარეშე დედაქალაქის განვითარება წარმოუდგენელია:

„საერთოდ, K 1 კოეფიციენტით განისაზღვრება შენობის ფუძის მოცულობა, მისი სიდიდე, ხოლო K2 კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის საერთო მოცულობას. შესაბამისად, თუ მშენებელს K2 კოეფიციენტის მომატების უფლება ექნება, ის სართულებს დაამატებს და უფრო მაღალ შენობას ააგებს. რაც შეეხება K3 კოეფიციენტს, ის უკვე გამწვანების ფართობს განსაზღვრავს. ქალაქის ცენტრში K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ძირითადად კორპუსების სიმაღლეზე აისახება. ამ რეგულაციით მივიღებთ იმას, რომ ქალაქის ცენტრი მაღალი შენობებით არ გადაიტვირთება და მისი იერსახე შენარჩუნდება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ დედაქალაქის არქიტექტურულ მთლიანობაზე, მაღალი კორპუსების სიმრავლე იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, იჩრდილება ხედები, ბოლოს და ბოლოს, აღარ გვექნება სიტუაცია, როდესაც ერთი მეზობლის სარეცხი მეორის აივანს ფარავს. დაუშვებელია ისტორიული ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიანი შენობები შენდებოდეს იმ ინტენსივობით, როგორც ჩვენთან შენდება. K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ცენტრალურ უბნებში მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ამ სფეროს სხვა რეგულაციებიც სჭირდება. ამ რეგულაციებით არავინ დაზარალდება გარდა კომპანიებისა, რომლებიც მახინჯი პროექტებით ცდილობდნენ მოგების მიღებას და 17-20-სართულიან შენობებს აგებდნენ ქალაქის ცენტრში. სამაგიეროდ, იხეირებს დედაქალაქი და მისი მოსახლეობა“,- აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

შოთა გუჯაბიძის აზრით, მაღლივი კორპუსების მშენებლობამ შეიძლება პერიფერიებისკენ გადაინაცვლოს, მაგრამ ზომიერების დაცვა იქაც საჭიროა. ამავე დროს, K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გამო ქალაქის ცენტრში ფასები უფრო მოიმატებს, რადგან აქ მიწის ფართობი უფრო დეფიციტური და მოთხოვნადი გახდება.

შეკითხვაზე, თუ რამდენად სახიფათოა მრავალსართულიანი შენობები, რომლებიც ქალაქში უკვე აგებულია, შოთა გუჯაბიძემ გვიპასუხა, რომ მათი უმრავლესობა სახიფათო არ არის, უბრალოდ, ეს არის ესთეტიკურად და ურბანულად გაუმართლებელი, ულაზათო შენობები, რომელიც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ზრდის მანქანების ნაკადს, ქმნის საცობებს და ა.შ...

„რა თქმა უნდა, ზოგიერთები ამბობენ, რომ დეველოპერები ყველაფერს უხარისხო მასალით აშენებენ, რომ ბეტონის, ან არმატურის ხარისხი არ შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ: თბილისში არცერთი მშენებელი არ აიღებს თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობას - მიზერული მოგების სანაცვლოდ, რასაც ბეტონის მარკის ფალსიფიცირება მოუტანს, არავინ გარისკავს და არ დაუშვებს შეცდომას, რომლის გამოც შეიძლება შენობა ჩამოიშალოს, ან დაზიანდეს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მრავალსართულიან შენობაზე ვერ ვიტყვით, რომ ის საჭირო არ არის. ზოგიერთ შენობას სიმაღლე სჭირდება კიდეც - მაგალითად, ბიზნესცენტრს, ან რომელიმე ადმინისტრაციულ შენობას. ასე რომ, ყველა მაღალ ნაგებობას ერთი კრიტერიუმით ვერ შევაფასებთ“, - ამბობს უძრავი ქონების ექსპერტი.

ამავე საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ვახტანგ დავითაიასაც ესაუბრა.

„მსგავსი რეგულაციის შემოღება გამართლებულია, რადგან K2 კოეფიციენტი საქართველოში ვაჭრობის საგანი გახდა. სწორედ ამ კოეფიციენტის არსებობამ შექმნა დისკომფორტი, რომელიც ასე აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ არ ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვიცით, რომ სიმწვანე და ცარიელი სივრცე ისეთივე ესთეტიკური კატეგორიაა, როგორც კარგი არქიტექტურა. ამის გარეშე ყველაზე ლამაზი შენობაც კი ხიბლს კარგავს. კარგი იქნებოდა, K2 კოეფიციენტის გაზრდა თავის დროზე შეეზღუდათ, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან მისი არსებობა ხელს აძლევდა ყველას, ვინც აქედან სარგებელს ნახულობდა. სარგებლობდა ყველა - დედაქალაქისა და ჩვენი მოსახლეობის გარდა. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი უნამუსო მშენებლის მიერ აშენებული სახლები სახიფათოც იყოს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთი შენობა ბევრი იყოს. თავისთავად, მაღლივი შენობები, თუ ის სწორი კონსტრუირებით და წესების დაცვით არის აგებული, საშიშროებას არ წარმოადგენს, 50 და 100-სართულიანიც რომ იყოს, მაგრამ ძველ ქალაქში ასეთი შენობების აგება დაუშვებელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამგვარი რეგულაციების შემოღება სწორი ნაბიჯია. საქართველოში კარგა ხანს ქაოტურად შენდებოდა მრავალსართულიანი სახლები და ამ პროცესს არავინ აკონტროლებდა, ამიტომ, დღეს არც კი ვიცით, რამდენი მაღლივი შენობაა თბილისში. ყიდულობდნენ ტერიტორიებს და მერე K2 კოეფიციენტის გაზრდით და სართულების დამატებით ცდილობდნენ მეტი ფართი მიეღოთ. ამ კოეფიციენტის ყიდვის წესი ხომ წარმოუდგენელი აბსურდია - ეს იგივეა, ფულის დახმარებით ადამიანმა დანაშაულის გამოსყიდვა შეძლოს“, - გვითხრა ვახტანგ დავითაიამ.

არქიტექტორის თქმით, თანამედროვე, მრავალსართულიანი შენობები თბილისშიც უნდა აშენდეს, მაგრამ გააჩნია უბანს და ადგილმდებარეობას.

„ჩემი აზრით, დიღომში, ან საბურთალოს ზოგიერთ ადგილას შეიძლება ასეთი შენობების აგება. შეიძლება ძველი საცხოვრებელი სახლებიც დაინგრეს და მათ ნაცვლად ახალი, მრავალსართულიანი კორპუსები აიგოს, მაგრამ ყველა კონკრეტულ ადგილთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ძველ თბილისს კი, ამ ეტაპზე უნდა შევეშვათ, რადგან იქ ცათამბჯენების ადგილი არ არის. ეს ეხება რუსთაველის პროსპექტსაც, რომელსაც ბოლო წლებში აქტიურად მიაწყდნენ დეველოპერები. საერთოდ კი, ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია მხოლოდ K1, K2 და K3 კოეფიციენტებზე დაყრდნობით. ნებისმიერ ქალაქს სჭირდება გენერალური გეგმა, წესი და კანონი, რომლის მიხედვითაც ის უნდა აშენდეს და განვითარდეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, გენერალურმა გეგმამ უნდა მოაწესრიგოს, რომლის მიღებას უკვე რა ხანია გვპირდებიან“, - აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ.

ხათუნა ჩიგოგიძე