დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის მოქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს მოქალაქეები, ელხან მუსტაფაევი და აკიფ ხალილოვი დააკავა , - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ.

”საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს. ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს.

ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე ნაწილის „ა“ პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით”, - ნათქვამია განცხადებაში.