თხილის მოსავალი მცირეა, სამაგიეროდ ფასი მოიმატებს

თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა იმედიანადაა განწყობილი, რადგან ხარისხიან მოსავალს ელოდება. არ არის გამორიცხული, პროდუქტის ფასიც გაიზარდოს. ამ მხრივ გავლენას თხილის ტექნიკური რეგლამენტიც მოახდენს.

ჯერჯერობით ძნელია თქმა, რამდენით შეიძლება გაძვირდეს თხილი, ეს მთლიანად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც ექსპორტიორები ვარაუდობენ, ხარისხის გაუმჯობესება ფასზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და მან, შესაძლოა, "იაფი თხილის" პერიოდიც დაასრულოს.

მეწარმე ჯემალ რამიშვილის თქმით, თხილის გაიაფებას მოსახლეობაში უიმედო განწყობა არ გამოუწვევია. მართალია, ფასი თითქმის 60%-ით შემცირდა, მაგრამ მეურნეობისადმი ინტერესი არ განელებულა და ხალხი მასობრივადაა პროდუქტის გაშენებით დაკავებული.

"მოსავალი არ არის უხვი, როგორც ეს შარშან იყო. სეზონური ცვლილებაა, რაც თხილისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია. კლებას ველოდით კიდეც, მთავარია, ხარისხი გაუმჯობესდეს და ცოტა ამინდმაც შეგვიწყოს ხელი. მით უმეტეს, წელს თხილის ტექნიკური რეგლამენტიც დაწესდა. ველოდებით რომ გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს.

სავარაუდოდ, მოთხოვნა მეტი იქნება, ვიდრე მიწოდება, რაც ასევე მოქმედებს ფასზე. მოსავალი არ არის იმდენი, რომ ბაზარი დააკმაყოფილოს. ჩვენთვის მთავარია, ქართული თხილი, ხარისხთან ერთად, ფასითაც კონკურენტუნარიანი გახდეს და ხალხს პროდუქტის გაყიდვა არ გაუჭირდეს", - ამბობს რამიშვილი.

თხილის მოსავლის შემცირებაზე საუბრობენ სამეგრელოშიც. ადგილობრივები შიშობენ, რომ უამინდობის შემთხვევაში, არსებული რაოდენობის შენარჩუნებაც გაუჭირდებათ, რამაც შეიძლება პროდუქტის დეფიციტიც გამოიწვიოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მცხოვრებ რობერტ გოგოხიას თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში წელს თხილის ყველაზე მცირე მოსავალია.

"2012 წლის შემდეგ, ასე ცოტა მოსავალი არ ყოფილა. შეიძლება ამინდს პრობლემა შეექმნა, მაგრამ იმ პერიოდში თხილი უხვი მსხმოიარობით არ გამოირჩეოდა. პრობლემა არც ესაა, მთავარია ამ მარაგის შენარჩუნება მოვახერხოთ", - ამბობს კახათელი გლეხი.

რაც შეეხება ნედლ თხილს, ჯერ კიდევ მსხმოიარეს, ხალხი წინასწარ 2-2,50 ლარად ყიდის, თუმცა ბოლო დროს ასეთ გარიგებას იშვიათად ვინმე დებდეს. ძველი თხილის ფასი ჯერ არ შეცვლილა და 4 ლარის ფარგლებშია.

"სეზონი დიდი ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ ცოტ-ცოტა მარაგი თითქმის ყველა ოჯახშია. შესაბამისად, ნედლ თხილზე მოთხოვნა შემცირდა. 4-5 წლის წინ ეს პროდუქტი კარგად იყიდებოდა, მაგრამ კულტურა ხალხმა მასიურად მოიშენა და მარაგიც მეტ-ნაკლებად საკმარისია. ოჯახს ძალიან თუ არ უჭირს, თხილს წინასწარ არ გაყიდის. ბოლოს და ბოლოს, დიდია ზარალი, პროდუქტს ჰაერში ყიდიან და მისი ღირებულების ნახევარსაც ვერ იღებენ", - ამბობს რობერტ გოგოხია.

მოსავლიანობის მხრივ, ცოტა უკეთესი მდგომარეობაა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ომარ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, საგრძნობი სხვაობა არ არის.

"წინა წელს თხილს უკეთესად ესხა, მაგრამ ეს რეალურად არაფერს ცვლის. მთავარია, სეზონის ბოლოს რა შედეგს მივიღებთ. შეიძლება ტოტები დახუნძლული არ არის, მაგრამ არც ისე ცოტაა, რომ ხალხს იმედი გაუწბილდეს", - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა გოთუა ამბობს რომ მოსახლეობის კეთილდღეობა თხილის მოსავალზე გახდა დამოკიდებული. ეს ძირითადი პროდუქტია, რისი იმედიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აქვთ.

"შარშანდელი შემორჩენილი თხილი ორი თვის წინ სრულად ამოვყიდე, მუდმივად ვაკვირდებოდი, როდის რა ღირს თხილი და რისი იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. თხილს ძვირად თუ გავყიდით, შვებით ამოვისუნთქავთ, ცოტაც ციტრუსი დაემატება და მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება", - ამბობს გურული გლეხი.

დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის საწარმოს წარმომადგენელი, ექსპორტიორი ლადო გერგედავა ფიქრობს, რომ თხილის ფასზე წელს საგრძნობ გავლენას მოახდენს ტექნიკური რეგლამენტი.

"საქართველოში თხილს, ხარისხის განურჩევლად, ერთ ფასში ვყიდულობთ. ამიერიდან შესაძლებელი გახდება, რომ პროდუქტის ღირებულება ხარისხის შესაბამისად განისაზღვროს. ფერმერებიც მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ თხილის ხარისხზე გაკეთდება. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. ტექნიკური რეგლამენტი მოგვცემს საშუალებას, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი ვაწარმოოთ. ამ შემთხვევაში ამბიცია გვექნება ფასზეც, სამომავლოდ ეს პრობლემაც მოგვარდება. მნიშვნელოვანია ხარისხი გაუმჯობესდეს და ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს ქვეყანაში "იაფი თხილის" ხანა", - ამბობს გერგედავა.

გერგედავას თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორია თხილის მოსავალი თურქეთში, თუმცა თუკი ექსპორტზე ხარისხიანი პროდუქტი გავა, ის შეძლებს კუთვნილი ნიშის დამკვიდრებას და, თავის მხრივ, არც თურქეთის მოსავალზე ვიქნებით დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ თხილი საქართველოს წამყვან საექსპორტო ათეულშია. 2015 წლის მონაცემებით, ის 8%-იანი წილით მესამე ადგილზე იყო. სულ უცხოეთის ბაზარზე 176,441 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 183,4 მლნ დოლარით განისაზღვრა. 2013 წელს კი საქართველოდან ექსპორტზე 166 მლნ 632 ათასი აშშ დოლარის თხილი გავიდა, რაც მთელი ქართული ექსპორტის 5,7 პროცენტი იყო.

შარშან თხილის ფასი განახევრდა. ამაზე გადამწყვეტი გავლენა თხილის ხარისხმა მოახდინა, რის გამოც ქართულ პროდუქტს უცხოურთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"