თამბაქოს კონტროლის ალიანსმა პარლამენტთან აქცია „ნუ მაბოლებ“ გამართა

თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია „ნუ მაბოლებ“ გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს. მათივე თქმით, ”2013 წლიდან დღემდე ცვლილებების კანონპროექტი ორჯერ დაიბლოკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვაზე რეგულაციების დაწესების ნაცვლად, მხარს უჭერს თამბაქოს ინდუსტრიას”.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ე.წ. სიკვდილის ტაბლოს პრეზენტაციაც გამართეს. ტაბლოზე სიმბოლური, სპეციალური ციფერბლატიანი მრიცხველია, რომელიც თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობას ითვლის. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 000, ხოლო ყოველდღიურად კი 30 ადამიანი კვდება. თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების გულგრილობა ამ ადამიანების გადარჩენა შესაძლებელია.

„ხელისუფლებას ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა აეკრძალა მოწევა ყველა ტიპის დახურულ ნაგებობასა და ტრანსპორტში და უარი ეთქვა თამბაქოს ნაწარმის რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, თამბაქოს ინდუსტრიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილ პრობლემებზე, მათ შორის ჯანმრთელობის ზარალის კომპენსაციაზე, უნდა აღედგინა ლიცენზია თამბაქოს წარმოებაზე, რეალიზაციასა და იმპორტზე. ყველა ვალდებულება უგულებელყოფილია, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მოტივით კი მთავრობამ თამბაქოს ინდუსტრია 4 მილიონი ლარით დააფინანსა“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საპროტესტო აქცია დღეს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.