ნაძალადევში 30-მდე სტადიონი განახლდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნაძალადევის რაიონი 30-მდე განახალებული სტადიონით ხვდება. სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მათგანზე დასრულდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მოედნებზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქციები, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით განახლდა.

მერიის ცნობით, ბოლო თვეების მონაცემებით, ნაძალადევის რაიონში არსებულ 30-მდე სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

“ბავშვებს სათამაშო და სპორტული აქტივობისთვის მეტი შესაბამისი სივრცე გვინდა შევუქმნათ, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახდინოთ რაიონში. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა 1 ივნისი ბავშვებს განახლებული სტადიონებით მივულოცოთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ.