ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მიმდინარე თვეში, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, 50 მლნ ლარით მეტი თანხაა მობილიზებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნაში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებია. მისი თქმით, დადებითმა ტენდენციებმა საბოლოო ჯამში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დადებითი ტენდენციები არსებობს ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელში, როგორც საქონლის წმინდა ექსპორტში, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში გაზრდილია 15 მლ დოლარზე მეტით, ასევე მომსახურების ექსპორტში, ტურიზმის სექტორში - საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 20%-ით.

მისივე თქმით, ასევე გააქტიურებულია შიდა ინვესტიციები, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, ფულადი გადმორიცხვები უბრუნდება ძველ ნიშნულს და საგრძნობლად არის გაზრდილი ბიზნესის მხრიდან დადებითი მოლოდინები, რაც აისახა აპრილის თვეში გაზრდილ ეკონომიკურ ზრდაზე (4.3%) და ლარის კურსის სტაბილურად გამყარებაზე.

”ლარის კურსი ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 15 პროცენტამდე გამყარდა. დადებითი ტენდენციები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ახდენს გავლენას. წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონი ლარით მეტი თანხა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელების ბრუნვა აპრილის თვეში გაიზარდა 9%-ით; დღგ-ის 18%-ით, დასაბეგრი ბრუნვა აპრილის თვეში გაიზარდა 13%-ით, რაც აისახა მაისის თვის საბიუჯეტო საშემოსავლო ნაწილზე.

„იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იქნება. თუმცა, მომავალში როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, კიდევ სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი მოლოდინი ამ ეტაპზე ასეთია - აპრილის მაჩვენებელი (4,3%-ზრდა) საკმაოდ კარგ იმედებს იძლევა“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების დადებით ტენდენციას, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ლარის კურსის გამყარების ტენდენციის მოლოდინი აქვს. „ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსის გამყარება იქნება სტაბილური და გარკვეულ პერიოდზე გავრცობილი და არა მყისიერი და ერთჯერადი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.