ირმა ქავთარაძემ ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ სამიტის „ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა , რომელიც თბილისის ტექნოპარკში USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ და კომპანია „დელოით ქონსალთინგის“ ორგანიზებით გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტი ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას მიეძღვნა.

სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

მოხსენებაში ირმა ქავთარაძემ ყურადღება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსთვის, რომელიც, ამ ეტაპზე, არ არის ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო, რეგიონალური ურთიერთობების განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს.

სამიტს „ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა“ საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ.