დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები - ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად 1 000 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.