ხვალ საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი გაიმართება

”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა” და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ხვალ საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესს გამართავს.

როგორც ”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობაში” აცხადებენ, საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონგრესს 150-მდე ფერმერი დელეგატი დაესწრება, რომლებიც მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის ცხრა რეგიონის ფერმერი დელეგატები, რომლებიც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს და აგროსფეროს გამოწვევების შესახებ დიალოგს გამართავენ.

კონგრესს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.

”საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის. კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართება ტელეხიდი, რომლის დროს თელავის ტელევიზიის „თანამგზავრი“ და ახალციხის ტელეარხის „მეცხრე არხის“ სტუდიებიდან ადგილობრივი ფერმერები მოწვეულ სტუმრებს დაუსვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი. რეგიონულ შეხვედრებზე ფერმერებმა წინასწრ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომლებსაც კონგრესი განიხილავს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებენ ”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა” და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

”პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე. სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.