გიორგი ისაკაძე მზადაა ”მაესტროში” მუშაობა სიმბოლურ ხელფასად - 1 ლარად გააგრძელოს

გიორგი ისაკაძე მზად არის ”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” პროექტების ხელმძღვანელობა სიმბოლურ ხელფასად - 1 ლარად გააგრძელოს.

როგორც ისაკაძემ ”მაესტროს” ახალი მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე კომენტირებისას განაცხადა, ფინანსურ საკითხებს აბსოლუტურად უაზროდ ხდიან ”საჯილდაო ქვად”.

”ვინმეს ჰგონია, რომ ”მაესტროში” არსებული ხელფასი ჩემთვის რაიმე ფასეულობას წარმოადგენს? - ფინანსურ საკითხებს აბსოლუტურად უაზროდ ხდიან საჯილდაო ქვად. მიუხედავად იმისა, რომ ”მაესტროს” მესვეურებს არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, რომ მე ვიყო არხზე და ამის განსაკუთრებული სურვილი არც პირადად მე მაქვს, იმის გამო, რომ ჯგუფმა რადიკალურად დასვა საკითხი და ამბობენ, რომ არცერთ შემთხვევაში არ დარჩებიან არხზე, რამაც პროექტის არსებობას შესაძლოა პრობლემები შეუქმნას, მზად ვარ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დავრჩე პროექტის ხელმძღვანელად”, - განაცხადა ისაკაძემ.

მისივე თქმით, ცოტა უხერხულია შიდა კორესპონდენციების ”ასე გამომზეურება”.

”სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნდება არასრული ვერსიით. ამის გარდა კიდევ არსებობდა მიმოწერები, რომლის გასაჯაროვებასაც მე არ ვგეგმავ”, - განაცხადა ისაკაძემ.

მისივე თქმით, ხელფასების გადახედვასთან დაკავშირებით ზურაბ ნაყეურთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ამაზე შეთანხმებაც არსებობდა.

”მე ვადასტურებ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკება. შემდგარი იყო ზეპირი შეთანხმება, რომ ხელფასის გადახედვასთან დაკავშირებით ფინანსურ საკითხებზე არც გუნდის, არც ხელმძღვანელის მიმართ პრობლემა არ არსებობდა”, - აღნიშნა ისაკაძემ.

მისივე თქმით, გათავისუფლებას ჰქონდა სამი მიზეზი.

”გათავისუფლების მიზეზი არის სამი: პირველი - ფინანსური საკითხი; მეორე მიზეზია, რომ როგორც ისინი ამბობენ, თვითნებურად ავდექი გადაცემის წამყვანობიდან, თუმცა კონტრაქტის მიხედვით წამყვანობის ვალდებულება მე არ მქონია. ეს იყო ჩემი შეთანხმება წინა მენეჯმენტთან და აქციონერების ნაწილთან, რომელსაც ვასრულებდი გუნდის და ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე; მესამე მიზეზს ასახელებენ, რომ არის სხვაობა ხედვებს შორის პროექტის აუტსორსთან დაკავშირებით. სამივე საკითხზე ჩვენ შორის არსებობდა შეთანხმება და სამივე საკითხი, როგორც პრობლემა იყო მოხსნილი ჩვენსა და მენეჯმენტს შორის, თუმცა არხის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრისას მითხრა, რომ ჰქონდა კონსულტაციები დამფუძნებლებთან თუ ბორდის წარმომადგენლებთან და მათთვის მიუღებელი იყო ულტიმატუმის ენით საუბარი. მე ამას გამოვრიცხავ, რადგან ჩვენი მხრიდან ულტიმატუმი არც ერთ ეტაპზე არ დაფიქსირებულა და ეს ჩვენ ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში არ ზის. მათ შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე როგორც პროექტის ხელმძღვანელმა უნდა დავტოვო ჩემი პოზიცია და ამასთან დაკავშირებით საღამოს მივიღებდი შეტყობინებას, რაც მივიღე”, - განაცხადა ისაკაძემ.

”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი შპს ”სტუდის მაესტროს” გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურისადმი გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს. წერილში გიორგი ისაკაძე მისი ანაზღაურების 8000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

”ბატონო ზურაბ, მოგახსენებთ, რომ 2014 წელს თქვენს წინამორბედთან და კომპანიის დამფუძნებლებთან (მაკა ასათიანის მხარე) მქონდა ზეპირი მოლაპარაკება-შეთანხმება, რომ მას შემდეგ, რაც პირადად გავუძღვებოდი ეთერში(გადაცემის წამყვანი) ახალ ბიზნესგადაცემას პარასკევს, დამოუკიდებელი პროექტის ”ანალიტიკას” სახით, მოხდებოდა ჩემი ანაზღაურების(დღეის მდგომარეობით 5000 ლარი ხელზე) გადახედვა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით ჩამოყალიბებული ან შეთანხმებული კონკრეტულ თანხაზე ანაზღაურებისთვის.

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე გაცნობებთ ჩემს პოზიციას აღნიშნულ თემაზე: გთხოვთ, განვლილი საანგარიშო პერიოდი(სახელფასი სარგო), ანუ მას შემდეგ, რაც ეთერში ვარ (2014 წლის 2 ოქტომბერი) ვიდრე დღემდე დააკორექტიროთ თვეში 3000(ნეტ) ლარის დამატების უზრუნველყოფით.

შესაბამისად, პირადად ჩემი ანაზღაურება, როგორც პროექტების ავტორის, მენეჯერის და წამყვანის დაკორექტირდეს 8000 ლარზე.

გთხოვთ, მოახდინოთ სხვაობის ანაზღაურება. ოქტომბრიდან მოყოლებული, გარდა შეთანხმებული პროექტის წამყვანობისა(ბიზნესკონტაქტი, ”ანალიტიკა”), ასევე ვუძღვები პარასკევის ”საქმიანი დილას” ეთერს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, თუ ჩვენს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება აუტსორსის პრინციპით საქმიან თანამშრომლობაზე ჩემს საავტორო გადაცემებთან დაკავშირებით, მზად ვარ შემდგომი მოხსენებითი ბარათით მოგმართოთ ინფორმაციის მიღების და საქმიანი სტატუსის დადასტურებისთანავე”, - ნათქვამია გიორგი ისაკაძის წერილში, რომელიც 5 მაისითაა დათარიღებული.