ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირის ჯიხურების განთავსება დაიწყო

ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირის ჯიხურების განთავსება დაიწყო. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, განახლებული ჯიხურები, რომელიც ვერცხლისფერ კონსტრუქციებს ჩაანაცვლებს, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში სულ წარმოდგენილი იქნება 30 მწვანე და ბორდოსფერი დახლი, სადაც სუვენირებით მოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.

ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად ამშვენებს წარწერა "ბულვარი 1881" და "ბათუმი".

აღსანიშნავია, რომ დიზაინის ესკიზი ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის.